რატომ ირჩევს ბიზნესი VoIp-ს?

VoIp სატელეფონო სისტემების დახვეწა და განვითარება სატელეფონო სისტემების მიმართ მოთხოვნების ზრდის შედეგი იყო. სატელეფონო სისტემებზე წვდომა გეოგრაფიული ლოკაციებიდან, სადაც ტრადიციული სატელეფონო ხაზები ხელმისაწვდომი არ არის, სატელეფონო კომუნიკაციაზე ტრადიციული სატელეფონო სისტემებისთვის მონოპოლიის ჩამორთმევა თუ უბრალოდ ტარიფების შემცირება დიდ დისტანციებზე განხორციელებულ ზარებზე, ეს ის მიზეზებია, რამაც VoIp სისტემებზე მოთხოვნის მოულოდნელი ზრდა და სისტემების დახვეწა/განვითარება გამოიწვია.

როგორც წინა პოსტში ვნახეთ, 2004 წლიდან VoIp ტექნოლოგიის მომხმარებლების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა. ბიზნეს ოპერატორებმა მასიურად დაიწყეს VoIp ტექნოლოგიაზე გადასვლა რაც მათთვის მრავალმა პოზიტიურმა ფაქტორმა გამოიწვია. სატელეფონო ზარების ტარიფების შემცირება, კომპანიების საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამარტივება და მარტივად გამოყენებადი მრავალფეროვანი ფუნქციონალობა არასრული ჩამონათვალია, რამაც ეს ტექნოლოგია საკმაოდ პოპულარული გახადა.

VoIp ტელეფონიის პროგრამები ჩაანაცვლა ფიზიკურმა VoIP ტელეფონებმა, რომლის გამოყენებაც რიგითი მომხმარებლებისთვის გაცილებით მარტივი და ინტუიტური პროცესია. შეიქმნა მრავალი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა VoIp ტელეფონიის სწრაფ და მარტივ ინსტალაციას.

დღესდღეობით ვოიპ ტელეფონიაში გამოიყენება სტანდარტული სატელეფონო აპარატები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტთან. VoIP ტექნოლოგიამ ასევე შემოიტანა უამრავი თანამედროვე სახის ფუნქციონალობა სატელეკომუნიკაციო სფეროში, რომლის გარეშეც დღესდღეობით წარმოუდგენელია სატელეფონო სისტემის ეფექტური ფუნქციონირება ბიზნეს დაწესებულებებისთვის. ეს თანამედროვე სატელეფონო ფუნქციები კი მოიცავს შემდეგს:

VoIP სატელეფონო სისტემები

1) VoIP-ის გამოყენება საგრძნობლად ამცირებს სატელეკომუნიკაციო ხარჯებს. VoIP სერვის პროვაიდერების მოწოდებული ფასები საგრძნობლად დაბალია, ვიდრე ტრადიციული სატელეფონო კომპანიების ტარიფები. გარდა ამისა კომპანიებს ოფისების მდებარეობის შეცვლისას არ უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა სატელეფონო ინფრასტრუქტურის თავიდან გასამართად რადგან VoIP სატელეფონო სისტემები მობილურ სისტემებს წარმოადგენს და მათი გადატანა უპრობლემოდ ხდება ნებისმიერ ახალ ოფისში, რომელსაც აქვს ინტერნეტზე წვდომა.

გარდა ამისა ხელმისაწვდომია სატელეფონო სადგურის ვირტუალიზაცია. მრავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია ბიზნესებს სთავაზობს საკუთარი სატელეფონო სადგურით მომსახურებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს VoIp სატელეფონო სისტემების გამართვის ხარჯებს, რადგან კომპანიებს აღარ უწევთ სატელეფონო ქსელის ფუნქციონირებისთვის საჭირო ცალკე სერვერის შეძენა და სისტემის მოვლისთვის პერსონალის დაქირავება. საჭირო ხდება მხოლოდ სატელეფონო აპარატების შეძენა და ოფისებში განთავსება. სატელეკომუნიკაციო კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ სატელეფონო სისტემის გამართვასა და შემდგომ მოვლას.

2) VoIp სატელეფონო სისტემები მოქნილი სისტემებია და საშუალებას იძლევა ისეთი ტიპის ფუნქციონალობების გამოყენებისა, როგორიც შეუძებელია ტრადიციული სატელეფონო სისტემებიდან მივიღოთ, მაგალითად:

  • კომპანიის რამდენიმე დაშორებული ოფისის ერთ შიდა ქსელში გაერთიანება, რაც მოიცავს სხვადასხვა ქალაქებში ან თუნდაც საზღვარგარეთ მდებარე ოფისებს და ამარტივებს კომპანიის შიდა კომუნიკაციას.
  • ხმოვანი მესიჯების და ფაქსის ელექტრონული ფოსტით მიღების საშუალება. VoIp სისტემები საშუალებას იძლევა ხმოვანი შეტყობინებები და ფაქსები ავტომატურად გადამისამართდეს სასურველ ელქტრონულ ფოსტაზე, რისი საშუალებითაც ისინი ხელმისაწვდომი იქნებიან ნებისმიერი ადგილიდან, საიდანაც არის ინტერნეტზე წვდომა. ასევე მარტივდება მათი შენახვა დაარქივება ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა.
  • პროდუქტიულობის გაზრდა: VoIp სატელეფონო სისტემებით შესაძლებელია 1 შემომავალი ზარი შემოვიდეს რამოდენიმე სატელეფონო აპარატზე ერთდრულად. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ქოლცენტრებში სადაც ერთი სატელეფონო ოპერატორის ადგილზე არყოფნის დროს შემომავალი სატელეფონო ზარები შევა სხვა ოპერატორების ტელეფონებზეც და სატელეფონო ზარი არ დაიკარგება.
  • შემომავალი ზარებზე მოცდის რეჟიმის დაყენება: თუკი კომპანიაში მრავალი ერთდროული შემომავალი ზარი ხორციელდება, VoIp სატელეფონო სისტემების საშუალებით შესაძლებელია სატელეფონო ზარების რიგითობის განსაზღვრა, სადაც ერთ მომხმარებელთან საუბრის დროს დანარჩენი მომხმარებლების მუსიკის ფონზე ელიან საკუთარ ჯერს. ეს ფუნქცია გარანტიას იძლევა რომ არც ერთი შემომავალი ზარი არ დარჩება უპასუხო.
  • შემომავალი და გამავალი ზარების დეტალური სტატისტიკის მიღების საშუალება: VoIp სატელეფონო სისტემები იძლევა ელექტრონულ ფოსტაზე რეპორტების მიღების საშუალებას, რომლებიც შეიცავს გარკვეულ დროის შუალედში შემომავალი და გამავალი ზარების შესახებ დეტალურ სტატისტიკურ და ანალიტიკურ მონაცემებს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს თავად აკონტროლონ დაკუთარი სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი და მიიღონ გადაწყვეტილებები სატელეკომუნიკაციო კავშირის ეფექტურობის ასამაღლებლად.
  • სატელეფონო კონფერენციების მოწყობა: VoIp სისტემები იძლევა დიდ დისტანციებზე სატელეფონო კონფერენციების განხორციელების საშუალებას და ასევე ამ კონფერენციების მონიტორინგისთვის მოსახერხებელ ფუნქციონალობას, კერძოდ კი კონფერენციების წევრების მოწვევის, «ხელის აწევის» ფუნქციის, ინდივიდუალური ტელეფონისთვის ხმის ჩართვა-გამორთვის საშუალებას.
  • ადვილი ინსტალაცია, გამოყენება: რამდენადაც VoIp სისტემებს აღარ სჭირდება ტრადიციული სატელეფონო ხაზები, სისტემების საოფისე სივრცეში ინსტალაცია გაცილებით სწრაფად და ადვილად ხორციელდება. VoIP სისტემები ასევე ამარტივებს დამატებითი სატელეფონო ფუნქციონალობის იმპლემენტაციის შესაძლებლობას კომპანიების სატელეფონო ქსელზე. რამდენადაც ხმის გარდაქმნა ციფრულ სიგნალებად ხდება პროგრამის საშუალებით, და არა ფიზიკური ხელსაწყოს გამოყენებით, ეს ამარტივებს სატელეფონო სისტემის მოვლას და საჭიროების შემთხვევაში მისი კომპონენტების შეცვლის შესაძლებლობას.