რას მივაქციოთ ყურადღება სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას?

მანამ სანამ სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევაზე ვისაუბრეთ, ჯერ განვმარტოთ რას წარმოადგენს ეს სერვისი და რა უპირატესობები გააჩნია მას.

ვოიპ ტელეფონია ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული ინდუსტრიაა, რამდენადაც დღესდღეობით ეფექტური ქოლცენტრის გამართვა და ოპერირება წარმოუდგენელია თანამედროვე სატელეფონო ფუნქციების გარეშე.

სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი წარმოადგენს ვოიპ ტელეფონიის ნაირსახეობას, სადაც თქვენ არ გიწევთ სატელეფონო სადგურის შეძენა, გამართვა და მისი შემდგომი მოვლა. სატელეფონო სისტემის სრული გამართვა ხდება ვოიპ პროვაიდერის სატელეფონო სერვერებზე, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს სწრაფად, იაფად და ტექნიკური შეფერხებების გარეშე ისარგებლონ ყველა თანამედროვე სატელეფონო ფუნქციით,მოახდინონ გეოგრაფიულად დაშორებული ოფისების ერთ, შიდა სატელეფონო ქსელში გაერთიანება და ასევე აიღონ კონტროლი საკუთარი სატელეფონო სერვისის ხარისხზე.

სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებას უკვე საკმაოდ მრავალი ვოიპ პროვაიდერის შემოთავაზებებში შეხვდებით, თუმცა გთავაზობთ 5 რჩევას, რაც ყველაზე მოქნილ და ეფექტურ საჰოსტინგო სატელეფონო მომსახურების არჩევაში დაგეხმარებათ:

1) წვდომა ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემაზე

ქოლცენტრი არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მიიღოთ და გადაამისამართოთ შემოსული ზარები. ქოლცენტრის სერვისის ხარისხზე კონტროლის ასაღებად აუცილებელია შემოთავაზებას თან ერთვოდეს ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა, რისი საშუალებითაც შეძლებთ აკონტროლოთ ყველა მნიშნელოვანი სატელეფონო სტატისტიკური მონაცემები, იქნება ეს ნაპასუხარი და უპასუხო ზარების რაოდენობა, სატელეფონო რიგში მოლოდინის დრო, ოპერატორების რეაგირების ჯამური/საშუალო დრო, სატელეფონო სისტემის დატვირთვა დღე-ღამისა თუ კვირის კონრეტულ მონაკვეთებში. ამგვარ სტატისტიკაზე წვდომა რეალურად მოგცემთ საშუალებას თავადვე მოახდინოთ სატელეფონო სერვისის ხარისხის ასამაღლებელი სტრატეგიის შემუშავება და თავიდან აგარიდებთ შემომავალი ზარების დაკარგვას.

2) ინტერგრაცია არსებულ CRM სისტემებთან

კომპანიების დიდი ნაწილი უკვე იყენებს გარკვეულ CRM-ებს საკუთარ ქოლცენტრში. შესაბამისად ხშირად აუცილებელია რომ ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა ინტეგრირებული იქნას არსებულ CRM-ებთან, რაც გაამარტივებს ქოლცენტრის მართვასა და მოახდენს პროცესების უნიფიცირებას. თუკი კომპანიაში უკვე იყენებთ, ან გეგმავთ რომელიმე CRM-ის დანერგვას, სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას დარწმუნდით, რომ ეს სისტემა ინტეგრირებადი იქნება თქვენს არსებულ CRM სისტემასთანაც.

3) მოქნილი არქიტექტურა

ქოლცენტრი სწრაფად ცვლადი გარემოა, რომელიც მუდმივ ოპტიმიზაციასა და დახვეწას მოითხოვს. დარწმუნდით რომ თქვენს მიერ არჩეულ საჰოსტინგო სისტემაში სწრაფად არის შესაძლებელი მრავალფეროვანი ცვლილებების შეტანა, იქნება ეს ქოლცენტრის ოპერატორების ან შიდა ნომრების თუ განყოფილებების დამატება ან ამოკლება, ზარის გადამისამართების მარშრუტების შეცვლა, მისალმების მესიჯების, მუსიკისა თუ ხმოვანი მენიუს ცვლილება და ა.შ. მოქნილი საჰოსტინგო მომსახურების არჩევის შემთხვევაში დარწმუნდით რომ სწრაფად და უმტკივნეულოდ და რაც მთავარია ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლებთ ცვლილებების შეტანას სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

4) მონაცემებზე სწრაფი მისაწვდომობა

სატელეფონო ზარების ჩაწერა სერვისის გაუმჯობესების მიზნით დღედღეობით უკვე ინდუსტრიის სტანდარტად მიიჩნევა. საკუთარი სატელეფონო სადგურის გამართვის შემთხვევაში ყველა ზარის ჩაწერა კომპანიის საკუთრებაში არსებულ სერვერებზე ხორციელდება, თუმცა სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ როგორც ზარების ჩანაწერებზე, ასევე ნებისმიერ სხვა სტატისტიკურ მონაცემზე სწრაფი და ადვილი წვდომა გაქვთ. ამისი ერთერთ გარანტიას წარმოადგენს მონაცემების გაფართოებულ ძიებაზე ხელმისაწვდომობა, კერძოდ კი მრავალფეროვანი ფილტრებისა და საძიებო პარამეტრების მითითების საშუალება, რათა სწრაფად და მარტივად მოახერხოთ წვდომა იმ მონაცემებზე, რომლებიც გესაჭიროებათ.

5) მიმდინარე სატელეფონო ზარებში ჩართვის საშუალება

ეს მძლავრი სატელეფონო ფუნქცია დაგეხმარებათ მოახდინოთ ქოლცენტრის ახალი წევრების სწრაფი დატრენინგება, ასევე ქოლცენტრის მენეჯერებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ და გააკონტროლონ მიმდინარე პრობლემური ზარები და შესაბამისად მყისიერი რეაგირებით მოახერხონ სიტუაციის განმუხტვა და ხელი შეუშალონ ამ ზარების სადავო ზარებად გადაქცევას.

სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევა ანთავისუფლებს კომპანიებს ზედმეტი ხარჯებისა და სისტემის აწყობისა და მოვლისაგან გამომდინარე თავის ტკივილისგან და ამავდროულად აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ აურაცხელი რაოდენობის თანამედროვე სატელეფონო ფუნქციონალობა, ერთმანეთთან დააკავშირონ სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე არსებული ოფისები უნიფიცირებულ სატელეფონო კომუნიკაციაში და მიიღონ წვდომა სერვისის ხარისხის ამაღლებისათვის საჭირო ხელსაწყოებზე. ამიტომაც მნიშნელოვანია ამ სერვისის გულდასმით შერჩევა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა, თქვენთვის სასურველი ფუნქციონალობა, ხელმისაწვდომი და ადვილად გამოყენებადი იქნება. იმედი მაქვს ეს ბლოგპოსტი გარკვეულ დახმარებას გაგიწევთ საჰოსტინგო სერვისის შერჩევის საკითხში. დამატებით ინფორმაციისათვის ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი რჩევები, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ვოიპ პროვაიდერის არჩევისას.